ბინადრობის უფლება
ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს. ბინადრობის ნებართვისთვის განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ნებართვა გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. მეტი ინფორმაცია ბინადრობის უფლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე, რომელიც ცნობილია „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სერვისით.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ქვეყანაში მყოფი უცხოელი განცხადებას წარმოადგენს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ფილიალში. ხოლო სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს უფლება აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების შევსების საშუალებით.
შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;
სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი პირის ოჯახის წევრებზე;
საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და აგრეთვე მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.
სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა:
- უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული;
- უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი;
- უცხოელზე, რომლის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად, გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომლის მიღებიდან გასულია 5 წელი;
- უცხოელზე, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე.
ბინადრობის მოწმობა
ბინადრობის მოწმობის მიღება
ნებისმიერი პირი, რომელსაც უკვე მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, მოიპოვებს ბინადრობის მოწმობასა და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციას იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალშისაქართველოში ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში. მეტი ინფორმაცია მისამართის რეგისტრაციის შესახებ იხილეთაქ.
ბინადრობის მოწმობა არის ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი.
დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დროებითი ბინადრობის მოწმობის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- სააგენტოს დასკვნა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ;
- ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში).
მუდმივი ბინადრობის მოწმობის ასაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- სააგენტოს დასკვნა მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან/და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;
- ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- რეგისტრაციის საფუძველი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა და სხვ.);
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი