საბავშვო ბაღები და სასკოლო განათლება
საბავშვო ბაღები
სკოლამდელი განათლება ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. საქართველოში სკოლამდელი განათლების მიღება შესაძლებელია ბაგა-ბაღისა და სკოლის მოსამზადებელ ჯგუფებში. 5 წლის ასაკის ბავშვები სწავლობენ სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამით.
საბავშვო ბაგა-ბაღები არის მუნიციპალური და კერძო. მუნიციპალური ბაგა-ბაღები უფასოა. საბავშვო ბაღში ბავშვის დარეგისტრირება ხდება ონლაინ მხოლოდ ქართულ ენაზე.
საბავშვო ბაღები თბილისში: Kids.org.ge
საბავშვო ბაღები ბათუმში: Batumikids.ge
სკოლები
საქართველოში ზოგადი სასკოლო განათლების მიღება შესაძლებელია საჯარო ან კერძო სკოლებში.
აკადემიური წელი იწყება 15 სექტემბერს. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა დასვენების დღეს, სწავლება იწყება მომდევნო სამუშაო დღეს.
სრული ზოგადი განათლება მოიცავს 3 დონეს და 12 წელს. ზოგადი განათლების დონეებია:
1.დაწყებითი - I-VI კლასები;
2. საბაზო VII-IX კლასები;
3. საშუალო - X-XII კლასები.
დაწყებითი და საბაზო განათლება არის სავალდებულო.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 15 სექტემბრამდე. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება კერძო სკოლებზე. პირველკლასელთა სკოლაში მიღება ხორციელდება ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით.
- ინფორმაცია 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომია აქ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
- ოფიციალური ენა;
- მათემატიკა;
- უცხო ენები;
- სოციალური მეცნიერებები;
- მეცნიერება;
- ტექნოლოგიები;
- ესთეტიკური განათლება;
- სპორტი.
- საჯარო და კერძო სკოლები საქართველოში: Catalog.edu.ge
წარმატებულ მოსწავლეებს განათლების მიღება შეუძლიათ თბილისში არსებულ სპეციალურ სკოლებში:
ევროპული სკოლა - საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა , რომელშიც გაძლიერებულად ისწავლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სკოლაში იღებენ საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებს.
უცხოელებს, რომლებიც აპირებენ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას ან სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობას, ესაჭიროებათ განათლების აღიარება. უცხოეთში მიღებული ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვალიფიკაციის აღიარებას ახდენს განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრი.
ცენტრი ამოწმებს გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება) და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას.
- დამატებითი ინფორმაცია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ: Eqe.ge